პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმანატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზალია პულისთან გამართული შეხვედრისას თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტები განიხილა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველო და ნატო ინტენსიური თანამშრომლობის ფორმატში ერთობლივ პროგრამებს ახორციელებენ. ამ კუთხით აღსანიშნავია სამეკავშირეო ოფისის ჩართულობა, რომელიც პარლამენტს საზედამხედველო კონტროლის განხორციელების პროცესში ექსპერტების დახმარებით წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას უზიარებს.
„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ნატოს სამეკავშირეო ოფისთან მუდმივი დიალოგის რეჟიმში იმყოფება. მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელების მიზნით, ოფისი მზაობას გამოთქვამს ექსპერტული მხარდაჭერა გაგვიწიოს. ეს ყველაფერი კი მოხმარდება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. პროცესს, რომელიც ინტენსიურად და სწორი მიმართულებით მიმდინარეობს“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.