2018 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 მლრდ 359 მლნ 4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17.7 პროცენტით აღემატება. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 33.0 პროცენტს შეადგენს.
„2018 წელს, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 730.3 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 11.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.7 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 2 629.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (19.5 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 28.8 პროცენტი შეადგინა”, - წერია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
2018 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ,არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 12 484.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა , რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17 პროცენტით აღემატება. მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან, ექსპორტი 3 362.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 22.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 9 122.3 მლნ. აშშ დოლარს -14.9 პროცენტით მეტი. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წელს 5 760.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტი შეადგინა. ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2 297.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.