თბილისის მერს გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე ტყის გაშენებას სთავაზობენ, რომელსაც „ვეფხისტყაოსნის“ ტყე დაერქმევა, აღნიშნულ იდეას დედაქალაქის მერია პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს" ფარგლებში განიხილავს.
ხმის მიცემა 17 იანვარს დაიწყო და 18 მარტს დასრულდება. პროექტის ავტორი გურამ მეგრელიშვილია.
„რაკი არ გვაქვს "ვეფხისტყაოსნის" მუზეუმი ან რაიმე მონუმენტური ძეგლი, "ვეფხისტყაოსნის" ტყის დაარსება შეიძლება კარგი სტარტი აღმოჩნდეს მსგავსი იდეების განხორციელებისთის“, - ნათქვამია პროექტში. ავტორი აღნიშნავს, რომ პროექტს რამდენიმე დადებითი მხარე ექნება: 1: ქალაქისთვის სუფთა ჰაერი. 2: "ვეფხისტყაოსნის" პოპულარიზაცია. 3: ტურისტული ადგილის შექმნა. 4: მიმდებარე სივრცის ათვისება და ქალაქის ამ ნაწილის შემდგომში ურბანული განვითარება. 5: განაშენიანება მოხდებოდა მოსახლეობის მიერ. შეტანილი წვლილი მზრუნველობის მომენტს ამძაფრებს და ხის დამრგავს "საკუთრების" განცდა გაუჩნდებოდა.
„ახლა ნაგავსაყრელი დაკეტილი და დაკონსერვებულია. თვითლპობის პროცესს კიდევ ათეული წელი დასჭირდება, თუმცა არის ადგილები, სადაც ნარჩენები სრულად უტილიზებულია. თბილისს ხშირად უწუნებენ ჰაერს. ერთ დროს კი დედაქალაქში ცხოვრებას სწორედ ფილტვების დაავადებების მქონე ადამიანებს უნიშნავდნენ ექიმები. ვფიქრობ, რომ გლდანში, დახურულ ნაგავსაყრელებზე ტყის გაშენება, ერთის მხრივ სამართლიანი იქნება გლდანელებისთვის, მეორეს მხრივ კი ქალაქისთვის ქარსაცავი ზოლი და ბუნებრივი ფილტვები იქნებოდა”, - აღნიშნავს ავტორი.
პროექტს თანდართული აქვს ვიდეო ყოფილი ნაგავსაყრელების ადგილას აშენებული ტყე-პარკებისა და რეკრიაციული ზონების გაშენების შესახებ: youtube.com/watch?v=UQuusDMSzmE
თებერვლის დასაწყისში მერიამ წარმოადგინა პროექტი „შენი იდეა ქალაქის მერს", რომლის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია სპეციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს საკუთარი იდეა ქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებასა და მოწყობასთან დაკავშირებით. მანამდე კალაძემ ორი იდეა მოიწონა. ერთ-ერთი იდეაა სხვადასხვა ლოკაციაზე ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება, მეორე იდეა კი დედაქალაქში სისუფთავის დაცვას ეხება და თბილისის ყველა რაიონში პოლიეთილენის ბოთლების შესაგროვებელი ურნების, ე.წ. ბოთლიყლაპია აპარატების დამონტაჟებას გულისხმობს.