დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ. გუშინ ცხედრები ქაშუეთის ეკლესიაში მიასვენეს. ადგილზე იყვნენ შეკრებილები გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები. ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, 16 აინვარს 20:30 საათზე მოხდა. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნი. დაშავებულია 8 ადამიანი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
მომხადრათან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. დაკავებულები არიან "ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები - 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ.