განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების წარდგენისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სკოლების დეცენტრალიზაცია ყველა მიმართულებით და სამინისტრო ამაზე იზრუნებს. მისი თქმით, ცენტრალიზებულად პედაგოგების გადამზადება არასწორი მიდგომაა, სამინისტრო მათ ვერ განუსაზღვრავს საჭიროებებს, საჭიროებებს ისინი თავად უნდა განსაზღვრავდნენ, ხოლო სამინისტრო უქმნიდეს შესაბამის პირობებს, ეხმარებოდეს.
„ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი პედაგოგები, რომლებსაც ცენტრალიზებულად ვუტარებთ ტრენინგებს. შესაძლოა, უმეტესი მათგანისგან სამინისტრო თავად საჭიროებდეს გადამზადებას. საჭიროებები მათ თავად უნდა განსაზღვრონ და არა სამინისტრო უდგენდეს" - აღნიშნა მინისტრმა.