„ექსპლუატაციაში შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება, მუნიციპალური ინსპექციის და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის“, განმარტავს თბილისის მერი დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.
კახა კალაძის თქმით, სადაც სამწუხაროდ, აფეთქება მოხდა, მას მომართვა გაკეთებული ჰქონდა, დაუდგინდა ხარვეზები. ეს ხარვეზები გამოსწორებული იქნა. მერიაში წერილი შემოაბრუნეს და რამდენიმე დღეში ექსპლუატაციაში იქნებოდა მიღებული.
„ექსპლუატაციაში შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება, მუნიციპალური ინსპექციის და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის. ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებაში გაწერილი რეგულაციები. როგორც ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი აირის შეყვანა, ეს არის ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული.
რაც შეეხება კანონს, რომელიც განსაზღვრავს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას, ეს არის „საქართველოს კანონი არქიტექტურულ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“. 2006 წელს ამ კანონში იყო 5.5 მუხლი, რომელშიც ჩამოწერილი იყო მთელი რიგი ჯარიმები, ანუ კანონით იყო აკრძალული იმ შენობებში ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ იყო. ამ ადამიანებმა, რომლებიც დღეს გამოდიან და ცრუ ბრალდებებით პოლიტიკურ სპეკულაციებს ცდილობენ, 2009 წელს განახორციელეს აღნიშნულ კანონში ცვლილება და ეს მუხლი საერთოდ ამოიღეს. დღეს, კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ ასეთ შენობებში შესვლა. ეს გააკეთა იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი პარტიაა და კორუფციულ სქემაში დღეს ჩვენ გვდებს ბრალს. ამდენი წლის განმავლობაში, რაც ეს ცვლილება განხორციელდა, ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ეს არის რეალური პრობლემა, რადგან გვყავს ათიათასობით ოჯახი, ათასობით შენობა-ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა და იქ ხალხი ცხოვრობს“, აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობის“ განხორციელებული ცვლილებების შედეგი სახეზეა, თუ რა მდგომარეობაშია დედაქალაქი.
„მათ კანონმდებლობიდან ის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი რეგულაციები ამოიღეს, რომლითაც იყო განსაზღვრული, რომ ეს ქაოტური განაშენიანება და სხვა პრობლემები, რასაც დღეს ყველა ერთად ვებრძვით, არ მომხდარიყო.
ჩვენს პირობებში რეგულაციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა:
1 ) 10-ჯერ გაიზარდა ჯარიმა შეჩერებული მშენებლობის უნებართვოდ გაგრძელებაზე და 50 000 ლარი გახდა;
2) 2.5-ჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობაზე და შეადგენს 25 000 ლარს;
3) 4-ჯერ გაიზარდა ჯარიმა პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოებაზე და 15 000 ლარი გახდა;
4) სამშენებლო მოედნებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმა გაიზარდა 10-ჯერ და 30 000 ლარი შეადგინა;
5) ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა მუნიციპალური ინსპექცია, მისი რესურსი ორჯერ გაიზარდა და დღეისთვის 300 ადამიანისგან შედგება, რომლებიც სამშენებლო დარღვევებზე რეაგირებენ. ასევე, დაგვემატა ხმაურის რეგულაცია და მოწესრიგება. ამ მიმართულებითაც, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, 2018 წლის განმავლობაში, 10 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა.
კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ სანამ არაკვალიფიციური პოპულისტები, თუ მიკერძოებული მედიასაშუალებები, პოლიტიკური მოტივით სრულიად უაპელაციო და არაკომპეტენტურ შეფასებებს გააკეთებენ და ასეთ ტრაგედიაში სრულიად უაპელაციოდ გაიშვერენ თითს ვინმესკენ, ურჩევნიათ კანონმდებლობას ჩახედონ, საკითხში ცოტა გარკვეულ ადამიანთან მაინც გაიარონ კონსულტაცია, ან მოთმინება იქონიონ და დაელოდონ კომპეტენტური უწყებების დასკვნებს. ასევე, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდეს დედაქალაქი წლების განმავლობაში. ეს ის ადამიანები არიან, ვინც მაგალითად, ვაკის პარკში გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა; ვინც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია გაასხვისა და სამშენებლო ნებართვა გასცა; ადამიანები, ვინც სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ის წინ მოედანი გაასხვისა და მისცა მშენებლობის უფლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს დედაქალაქს შევუნარჩუნოთ ხიბლი და არ მივცეთ ქალაქის გაუბედურების შესაძლებლობა. ქალაქში 20-25 წლის განმავლობაში, ძალიან მძიმე შედეგი დადგა. ყველა ვხედავთ და ვაცნობიერებთ, რომ არავისთვისაა მისაღები ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. შესაბამისად, ცვლილებებში, კანონმდებლობის გამკაცრების პროცესში მაქვს თითოეული თბილისელის მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ მოვაგვაროთ ყველა ის აქტუალური პრობლემა და ღირსეულად ვუპასუხებთ გამოწვევებს, რომელიც თბილისსა და თბილისელებს აწუხებს. დარწმუნებული იყავით, რომ თბილისის მერია და მისი თითოეული თანამშრომელი ყველაფერს გააკეთებს, რათა არსებული სიტუაცია გამოვასწოროთ და ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე კომფორტული, გამართული ინფრასტრუქტურით, გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობით და ამ ყველაფერში თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია“, აღნიშნა დედაქალაქის მერმა.