„გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას", აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მეტმა კახა კალაძემ და დასძინა, რომ ეს ჯგუფები მერიის დისკრედიტაციას ცდილობენ.
"აქვთ მცდელობა, დისკრედიტაცია მიაყენონ მერიას და პირადად მე. მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს, თუმცა ჩვენ ამ ადამიანებს არ მივცემთ საშუალებას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობამ სიმართლე იცოდეს.
სიახლე არაა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა ძირითადად დაფუძნებულია სიცრუეზე, არაერთხელ გამოგვიჭერია ისინი ტყუილებში. გუშინ მათ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მომხდარი ტრაგედია შენობების ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირეს. თანაც ექსპლუატაციაში მიღებამდე, საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი, სრულიად უაპელაციოდ და გაუგებრად მიაბეს მათივე გამოგონილ, რაღაც გაუგებარ ვითომდა კორუფციულ სქემას - თითქოს, შენობა-ნაგებობა თუ ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, იქ ადამიანები ცხოვრობენ და ეს არის კორუფციული სქემა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან. ასევე, მინდა ავხსნა როგორ ხდება შენობის ექსპლუატაციაში მიღება - არქიტექტურის სამსახური გასცემს სამშენებლო ნებართვას. შემდეგ, როდესაც დასრულდება მშენებლობა, ადგილზე მიდის თბილისის მუნიციპალური ინსპექცია და ამოწმებს, რამდენად თანხვედრაშია გაცემული ნებართვა და უკვე დამთავრებული ნაგებობა", განაცხადა კალაძემ.