თამარ გვერდწითელი 57 წლის გახდა. ამჟამად რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორი თამარ გვერდწითელი 1962 წლის 18 იანვარს დაიბადა.
ებრაელი დედის, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ოდესელი ინა კოფმანის წყალობით, ადრეულ წლებშივე დაიწყო მუსიკაში მეცადინეობა, ჩააბარა თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში. 70-იანების დასაწყისში ბავშვთა საესტრადო ანსამბლ მზიურის სოლისტი გახდა, რომელთანაც მთელი საბჭოეთი შემოიარა გასტროლებით. სკოლის შემდეგ თამარმა თბილისის კონსერვატორიაში ჩააბარა და ფორტეპიანოსა და კომპოზიციის კლასი და ვოკალისთვის განკუთვნილი სპეციალური კოლეჯი დაამთავრა.
19 წლისამ საერთაშორისო კონკურს "წითელ მიხაკში" გაიმარჯვა სოჭში. 1982 წელს მონაწილეობა მიიღო პოპ-მუსიკის კონკურსში დრეზდენში, 1988 — კონკურს "ოქროს ორფევსზე" გაიმარჯვა სოფიაში. გამოდიოდა სან-რემოსა და სოპოტის ფერსტივალებზე.
1989 წელს გვერდწითელი საქართველოს სახალხო არტისტი გახდა, ხოლო 2004 წელს რუსეთისა.
1991 წელს გვერდწითელი თავისმა ფრანგმა აგენტმა პარიზში მიიწვია, სადაც მიშელ ლეგრანი და ჟან დრეჟაკი გაიცნო. სწორედ იმხანად დაიდო მისი პირველი კონტრაქტი ლეგრანთან და პარიზის "ოლიმპიაში" მისი პირველი კონცერტიც გაიმართა. ლეგრანმა, გვერდწითელის სამიათასიანი დარბაზისთვის წარდგენისას, განაცხადა: "პარიზო, დაიხსომე ეს სახელი!" და თამარმაც დაიპყრო პარიზი.
დღესდღეობით თამარ გვერდწითელი დნეპროპეტროვსკის ოპერის სცენაზე ასრულებს კარმენის პარტიას მსოფლიოში სახელგანთქმულ ტენორ ვლადიმერ გრიშკოსთან დუეტში; იგივე ოპერის მოსკოვში დასადგმელადაც ემზადება დირიჟორ ვლადიმერ ზივასთან ერთად. თამარს იღებენ კინოში, იგი მუშაობს რუსული აკადემიის თეატრში მიუზიკლზე "ადამიანი ლამანჩიდან" ვლადიმერ ზელდინთან ერთად. აქტიურად აწყობს გასტროლებს.
სიმღერებს ასრულებს რვა ენაზე: ქართულად, რუსულად, ფრანგულად, იტალიურად, ესპანურად, ინგლისურად, ძველებრაულად, უკრაინულად.