146 წლის წინ მემედ აბაშიძე დაიბადა. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, სტალინური რეპრესიების მსხვერპლი მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძე 1873 წლის 18 იანვარს დაიბადა.
დაწყებითი განათლება მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. მამის ხელმძღვანელობით დაეუფლა არაბულ, სპარსულ და თურქულ ენებს. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XX საუკუნის დასაწყისში. სისტემატურად ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პრესაში. აქტიურად იბრძოდა მუსლიმან ქართველთა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და საქართველოს ერთიანობისათვის, რის გამოც რამდენიმეჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1917 წელს დაბრუნდა ბათუმში. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს“. 1919 –1921წლებში რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხორობისა.