დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 2 37 45 31, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის N10.
ცხელ ხაზზე ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილზე ამ დროისთვის, სამაშველო სამსახური და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახების მიმართ მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენს და მათ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.
აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, 16 აინვარს 20:30 საათზე მოხდა. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნი. დაშავებულია 6 ადამიანი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.