დედაქალაქის მერია დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
მერის მოადგილემ აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დაზარალებული მოსახლეობის მიმართ მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენს.
„დედაქალაქის მერია ნებისმიერ დაზარალებულ ოჯახს მაქსიმალურ ყურადღებასა და დახმარებას აღმოუჩენს. არცერთი ადამიანი თავშესაფრის გარეშე არ დარჩება. შესაბამისი საცხოვრისებითა და თავშესაფრით ყველა იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად ჩაერთვება“, - განაცხადა ირაკლი ბედელიანმა.
ინციდენტის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.
აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, 16 აინვარს 20:30 საათზე მოხდა. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნი. დაშავებულია 6 ადამიანი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.