საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წეროვანში საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური საშუალებების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია დაათვალიერა. პრეზიდენტი იქ დასაქმებულ დევნილებსაც შეხვდა.
"პირველი, რაც ომით დაზარალებულებს დავპირდით ეს იყო ის, რომ მათ ექნებოდათ სახლები, ექნებოდათ მიწა და დიდ ნაწილს აქვს მიწა. შარშან დავპირდით, რომ მათ ექნებოდათ სამუშაო ადგილები და გავხსენით ქარხანა. ახლა ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ დამატებით 400 სამუშაო ადგილი იმისათვის, რომ სრულად დავასაქმოთ აქ მცხოვრები დევნილები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
"ბერტა" ამ პროდუქციის მწარმოებელი პირველი კომპანიაა სამხრეთ კავკასიაში. იგი ქართულ-შვეიცარიული ერთობლივი კაპიტალითაა შექმნილი. მასში 25 მილიონი ლარი ჩაიდო. დღესათვის საწარმოში 200 ადამიანია დასაქმებული, მათი საშუალო ხელფასი 600 ლარს შეადგენს.
კომპანიის წეროვანში ამოქმედების მიზეზი ის იყო, რომ აქ რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული დევნილები დასაქმებულიყვნენ. დასაქმებულთა რიცხვი სამომავლოდ 450-მდე გაიზრდება.
პირველ ეტაპზე კომპანია "ბერტა" გეგმავს აწარმოოს სხვადასხვა სახის სარეცხი და საწმენდი საშუალებები. პროდუქციის 40% ადგილობრივ ბაზარს დააკმაყოფილებს, დანარჩენი კი ექსპორტზე გავა.