აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ევროკავშირის თხოვნით იარაღის უკანონო შენახვისათვის მსჯავრდებული მალხაზ კორძაია გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, კორძაიას (ქართული ბატალიონ "ბაგრატიონის" ექს-მეთაურს) ბრალად 2009 წლის თებერვალში ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და იგი 1,5 წლის განმავლობაში ამ დანაშაულისათვის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში იხდიდა. კორძაია გულრიფშის რაიონის სოფელ აჟარის მკვიდრია.
სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. სამართალდამცავმა ორგანოებმა კორძაია ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებს სოხუმში დღეს გადასცეს.
"მოხარული ვარ, რომ ეს განთავისუფლება შედგა. ჩვენთან (ევროკავშირში) წელიწადზე ნაკლებია, რაც შემოვიდა საქართველოს ხელისუფლების თხოვნა აფხაზეთში დაკავებული ზოგი მოქალაქის განთავისუფლების შესახებ. მადლობელი ვარ სერგეი ბაღაფშის და სერგეი შამბას იმისათვის, რომ მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ", _ განუცხადა სემნებმა ჟურნალისტებს სოხუმში და იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთის "ხელისუფლება" ქართულ მხარეს გადასცემს კიდევ ერთ დაკავებულს, რომელიც ამჟამად თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება.
"ამას კეთილი ნების აქტს ვუწოდებ, მიმაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას და იმედი მაქვს, რომ ასეთი აქტები იქნება", _ განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
მან ასევე განაცხადა, რომ კორძაიას ქალაქ ზუგდიდში დღესვე გადაიყვანენ.