ჩემი აზრით, მოსამართლეობის კანდიდატების ძებნა მხოლოდ სასამართლო სისტემაში არ უნდა ჩაიკეტოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კარგი იქნება თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ძებნა მაქსიმალურად ფართო ველზე დაიწყება.
„ჩვენ გვყავს ღირსეული მოსამართლეები, გვყავს ღირსეული ყოფილი მოსამართლეები, გვყავს ძალიან კარგი იურისტები, მათ შორის აკადემიურ წრეებში. ჩემი აზრით, მოსამართლეობის კანდიდატების ძებნა მხოლოდ სასამართლო სისტემაში არ უნდა ჩაიკეტოს და მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ მოსამართლეები სისტემის გარეთაც მოვძებნოთ და უზენაესს სასამართლოში დავნიშნოთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სხვადასხვა დაინტერესებული პირებიდან შეთავაზებული იქნება იდეები, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მოსამართლეთა შესარჩევი კრიტერიუმები და რა პროცესი უნდა გაიაროს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომ მოსამართლეთა კანდიდატები შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს.
„წელიწადზე მეტია, რაც სამუშაო ჯგუფი არსებობს. მას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე სწორედ ამ ჯგუფის ფორმატში მიმდინარეობს თანამშრომლობა და ეს ფორმატი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ყველა ის იდეა და ვერსია შევაჯეროთ, რაც პარლამენტისთვის იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა, რომელმაც აქვე დასძინა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესებული არიან, თუ როგორ წარიმართება პროცესი.