ქსნის ქუჩაზე, N12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსადგომის ნაცვლად, საბავშვო გასართობი მოედანი და ფიტნეს ზონა მოეწყო. ატრაქციონები და ტრენაჟორები კაუჩუკისსაფარიან მოედანზე დამონტაჟდა, ასევე, განთავსდა საპარკე სკამები და ურნები.
ახლადმოწყობილი სპორტულ-გასართობი სივრცე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ნაძალადევის რაიონში დასასვენებელი და სპორტული სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. აღნიშნული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას მოსახლეობა ავტოსადგომად იყენებდა. ადგილობრივების მოთხოვნით, ახალი გასართობი მოედანი და ფიტნეს ზონა მოვაწყეთ, რომლითაც ცხრა კორპუსის მცხოვრებლები სარგებლობენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
მსგავსი პროექტები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. ატრაქციონები და სავარჯიშო ტრენაჟორები 20-მდე მისამართზე დამონტაჟდება.