EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორად კატარინა ბიორლინ ჰანსენი დაინიშნა. ახალ თანამდებობაზე მუშაობას ის 2019 წლის 1 აპრილიდან შეუდგება. კატარინა ბიორლინ ჰანსენი ამ პოზიციაზე ბრუნო ბალვანერას შეცვლის, რომელიც ცენტრალურ აზიაში EBRD-ის მმართველ დირექტორად დასახელდა.
კატარინა ბიორლინ ჰანსენი უხელმძღვანელებს ბანკის საქმიანობას სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ამ ქვეყნების ეკონომიკური სისტემების შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ინვესტიციების, პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ჩართულობის, მცირე ბიზნესებისათვის კონსულტაციების უზრუნველყოფისა და რეფორმების მხარდაჭერის გზით.
კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა: ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა კავკასიაში დაბრუნება რეგიონული დირექტორის რანგში და ამ დიდი მოვალეობის საკუთარ თავზე აღება. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია შემდგომი განვითარებისათვის. ამისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა გლობალურ ეკონომიკაში შემდგომი ინტეგრაცია და EBRD გააგრძელებს განვითარების პროცესის მხარდაჭერას ინვეტიციებისა და რეფორმების გზით. EBRD-ის ადგილობრივ გუნდებთან მუშაობით ვიმედოვნებ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ამ ქვეყნების ეკონომიკურ წინსვლაში ყველას საკეთილდღეოდ.
კატარინა ბიორლინ ჰანსენი წარმოშობით შვედია, EBRD-ში მუშაობა 2006 წელს დაიწყო და 2016 წლამდე პასუხისმგებელი იყო ბანკის მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ აქტივობებზე ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ბელარუსიასა და მოლდოვაში. ამ პერიოდის განმავლობაში ის მუშაობდა თბილისის ოფისში. მან განავითარა და განახორციელა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტები ასზე მეტ ქალაქში მყარი ნარჩენების მართვის, წყლის მიწოდების, გამდინარე წყლების მართვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ცენტრალური გათბობისა და ჭკვიანი ქალაქის ინვესტიციების სფეროებში.
2016 წელს კატარინა ჰანსენი სამუშაოდ გადავიდა ქაიროში ეგვიპტის ოფისის დირექტორის მოადგილედ, სადაც ის ზედამხედველობდა ბანკის აქტივობების მნიშვნელოვნად გაფართოების პროცესს ინვესტიციებისა და პოლიტიკის დაგეგმვის კუთხით.
EBRD-ში მუშაობის დაწყებამდე, ათი წლის განმავლობაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენი მუშაობდა კარლ ბრო საკონსულტაციო კომპანიაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიასა და შუა აღმოსავლეთში, კოპენჰაგენის, მოსკოვისა და ბანგკოკის ოფისებში. მიღებული აქვს ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლური და აფრიკული კვლევების სკოლის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი განვითარების ფინანსების სფეროში.
დღეისათვის EBRD-მა განახორციელა 7.77 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია 564 პროექტში.