იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით იქნება მიღებული, წაადგება ჩვენს პარტნიორ ქვეყანას თავისი პოზიციების განმტკიცებაში, თავისი დემოკრატიის კონსოლიდაციასა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეკლესიას საუბარი ექნება უკრაინის ეკლესიასთან, ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ხელისუფლებასთან.
„დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე ეკლესიას ექნება საუბარი და დისკუსია უკრაინის ეკლესიასთან, ხოლო ხელისუფლებას ექნება საუბარი და დისკუსია ხელისუფლებასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინისთვის. შესაბამისად, იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით იქნება მიღებული, წაადგება ჩვენს პარტნიორ ქვეყანას თავისი პოზიციების განმტკიცებაში, თავისი დემოკრატიის კონსოლიდაციასა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.