გადაწყვეტილებას ეკლესია იღებს და სახელმწიფო ითვალისწინებს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მათიკაშვილმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელზეც მყისიერად და ემოციურად საუბარი შეიძლება.
„უკრაინასთან ჩვენს სახელმწიფოს უაღრესად ახლო ურთიერთობა გააჩნია. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა, ძალიან დიდი მეგობრობაა. უკრაინას რაც აწუხებს, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ არც ერთი მხარის ინტერესების დარღვევა არ მოხდეს, ყველა ნაბიჯი კარგად გაანალიზებული უნდა იყოს. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელზეც მყისიერად და ემოციურად საუბარი შეიძლება. პირველ რიგში, ეს არის საპატრიარქოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება, თუმცა ის რელიგიურ საკითხს სცილდება, რადგან პოლიტიკური მდგენელიც არის. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება, რაც არის სწორი. ანუ, გადაწყვეტილებას ეკლესია იღებს და სახელმწიფო ითვალისწინებს გადაწყვეტილებას. ეს არის რელიგიური და სამართლებრივ-პოლიტიკური საკითხი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.