მე არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩემი მოწინააღმდეგეა, მგონია, რომ ეს არის დროებითი მოცემულობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისი თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდ პატივს სცემს, მაგრამ ის საკითხები, რომელიც მისთვის ფუნდამენტურია, პრინციპულია, მის მორალურ ფასეულობებს ეხება, აქ ვერავის წყენას ვერ მოერიდება.
„ჩემს პირად ემოციებზე მაღლა ყოველთვის იდგა და დგას სახელმწიფოებრივი ინტერესი. ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩემთვის უცხო ადამიანი და ვერ იქნება ვერასოდეს უცხო. მასთან ერთად 7 წელია ფეხდაფეხ მოვდივარ და მოვდივარ 10 ოქტომბრიდან. ყველაფერი გამოვიარეთ ერთად და რა თქმა უნდა, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ის საკითხები, რომელიც ჩემთვის ფუნდამენტურია, პრინციპულია, ჩემს მორალურ ფასეულობებს ეხება, აქ ვერავის წყენას ვერ მოვერიდები. მიმაჩნია, რომ ჩემი მოვალეობა არის ვემსახურო ამ ქვეყანას. მე არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩემი მოწინააღმდეგეა. მგონია, რომ ეს არის დროებითი მოცემულობა და ამ ერთი განცხადებით პროცესს ნუ შევაფასებთ“, - განაცხადა ბესელიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ პარტია ბიძინა ივანიშვილმა მას „ყვითელი ბარათი“ უჩვენა, ბესელია პასუხუბოს, რომ მხოლოდ მას შეუძლია, საკუთარ თავს ყვითელიც და წითელი ბარათიც უჩვენოს.
„მხოლოდ მე შემიძლია საკუთარ თავს ვუჩვენო ყვითელიც და წითელი ბარათიც და ვეცდები ეს არ გავაკეთო. უმრავლესობიდან წასვლა-არწასვლას მე გადავწყვეტ. მე ვთქვი, რომ დავრჩები უმრავლესობაში და გავაგრძელებ საქმიანობას, მაგრამ თუ ეს უმრავლესობა ამ სიას სახეშეცვლილს, მაგრამ იგივე ვერსიით განიხილავს, მხარს დაუჭერს იგივე მოსამართლეებს, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს, ჩემს ადგილს უმრავლესობაში ვერ დავინახავ“, - აღნიშნა ბესელიამ.