მოსკოვი გმობს და პროვოკაციულს უწოდებს დიდი ბრიტანეთის გეგმებს, ააშენოს ახალი სამხედო ბაზები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და კარიბის რეგიონში. რუსეთი მზადაა საპასუხო ნაბიჯების გადასადგმელად თუ მისი სახელმწიფო ინტერესები საფრთხის ქვეშ დადგება. აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ბრიტანეთი, მსგავსად სხვა ნებისმიერი სუვერენული ქვეყნისა, დამოუკიდებელია სამხედრო ბაზების მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ მთელ მსოფლიოში სამხედრო და პოლიტიკური დაძაბულობის ზრდის ფონზე... განცხადებები სხვა ქვეყნებში სამხედრო ბაზების მშენებლობის შესახებ, არის კონტრპროდუქტიული და შესაძლოა იგი პროვოკაციულ ბუნებას ატარებდეს“, - განუცხადა ზახაროვამ რუსულ მედიასაშუალებას TASS-ს.
ზახაროვა გამოეხმაურა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ უილიამსონის Sunday Telegraph-თან გაკეთებულ კომენტარს, სადაც მან განაცხადა, რომ ბრიტანეთი შეძლებს ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვებს ევროკავშირს.
თავდაცვის მინისტრმა არ დააკონკრეტა თუ სად უნდა აშენდეს სამხედრო ბაზები. მაგრამ გაზეთის ცნობით, შესაძლოა ეს იყოს სინგაპურში ან ბრუნეიში, სამხრეთ ჩინეთის ზღვის მახლობლად ან კარიბის რეგიონში.