ნელ-ნელა ვეჩვევით აქაურ პირობებს და ნელ-ნელა მიდის ის აუცილებელი რემონტი, რასაც აქაური შენობის მდგომარეობა საჭიროებდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მისი გუნდის დაკომპლექტება დაწყებულია, ასევე ადმინისტრაციის რეორგანიზაცია.
"ასევე, დავიწყეთ რეგიონებში გასვლა და პირველი გასვლა იყო სამეგრელოში. გაიმართა საახალწლო ღონისძიება ზუგდიდში, ვიყავით ასევე ენგურის ხიდზე და ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი იყო, რომ დავათვალიერეთ რუხის საავადმყოფო, რომელიც ერთი მხრივ, ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა მეორე მხრივ, ჯერ კიდევ არ არის ამოქმედებული. მიმაჩნია, რომ უთუოდ პრიორიტეტი უნდა იყოს, რომ ის უახლოეს მომავალში ამოქმედდეს. ეს აუცილებელია, როგორც რეგიონისთვის, ასევე ნდობის ამაღლებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.