მიხეილ მესხს დრეს 82 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილი ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი მიხეილ მესხი, რომელიც თამაშობდა როგორც თავდამსხმელის, ასევე, ნახევარმცველის პოზიციაზე 1937 წლის 12 იანვარს დაიბადა. ის იცავდა თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1960 წლის ევროპის ჩემპიონისაბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965). საპატიო ნიშნის ორდენის და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.
საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად. სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების, ასევე, ფეხბურთის გულშემატკივრებისა და მისი თანაგუნდელების შეფასებით შედის იმ ფეხბურთელთა რიცხვში, ვინც თბილისის „დინამოს“ ისტორიაში განუმეორებელი კვალი დატოვა.
როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა გამორჩეული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით. სლავა მეტრეველთან ერთად, იგი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი ქართველ ფეხბურთელთა შორის, ვისი თამაშითაც მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ გაიცნო ქართული ფეხბურთი.
ფლობდა ფენომენალურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ თამაშის სტილსა და საფეხბურთო ტექნიკას, რასაც ხაზგასმით აღნიშნავდა მსოფლიო სპორტული პრესა და რაც განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა მისი თამაშის მნახველ მაყურებელს.
შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ექვსჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის საუკეთესო მარცხენა გარემარბად.