მოვითხოვ, მერმა შეწყვიტოს შვებულება და მისმა ჩინოვნიკებმაც, რომლებსაც ჯერ საცივიდან არ ამოუღიათ თავი და მიხედონ მოქალაქეებს, შეიმუშაონ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ერთი ვაქცინის ღირებულება 30–50 ლარამდეა. შესაბამისად, მისივე თქმით, დედაქალაქის მერიას ამ მიზნით 30 მლნ ლარის გამოყოფა მოუწევს.
„მაშინ, როდესაც ათობით ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით, ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის ვირუსის 160-ზე მეტი შემთხვევა, დედაქალაქში სასწრაფო დახმარების გამოძახებამ ფაქტობრივად დაკარგა აზრი, რადგან მინიმუმ რამდენიმე საათს აგვიანებს კონკრეტული მისამართზე მისვლისას, ყველაფერზე პასუხისმგებელი პირი არის ქალაქის მერი. მის დაქვემდებარებაშია სასწრაფო დახმარება. ნაცვლად იმისა, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობა საგანგებო რეჟიმზე იყოს გადასული, მერი შვეიცარიაში პოზირებს და დღემდე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია. მოვითხოვ, მერმა შეწყვიტოს შვებულება და მისმა ჩინოვნიკებმაც, რომლებსაც ჯერ საცივიდან არ ამოუღიათ თავი და მიხედონ მოქალაქეებს. შეიმუშაონ კონკრეტული გეგმა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.