ბოლო დღეებში რამდენიმე საავადმყოფომ, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, კარანტინი გამოაცხადა. რამდენად კრიტიკულია აღნიშნული მდგომარეობა ამასთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე აკეთებს, რომელიც განმარტავს, რომ კარანტინის გამოცხადება ცალკეული სამედიცინო დაწესებულების კომპეტენცია არაა.
"პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ სიტყვა კარანტინის გამოყენება ასე უაპელაციოდ არ შეიძლება. საკარანტინო დაავადებები მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებს და მათი ჩამონათვალი განსაზღვრულია ჯანდაცვის შესახებ კანონით, ეს დაავადებებია: ქოლერა, შავი ჭირი, ყვითელი ცხელება, კონტაგიოზური ჰემორაგიული ვირუსული ცხელებები, ყვავილი. თუ ასეთი დაავადებები დაფიქსირდა, სწორედ ამას უნდა მოყვეს ქვეყნის მასშტაბით(მათ შორის საზღვრებზე) ის საკარანტინო ღონისძიებები, რაც განსაზღვრულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებით. საბედნიეროდ, ასეთი რამ ქვეყანაში არ ხდება და ჯანდაცვის სამინისტროსაც მსგავსი რამ არ განუცხადებია.
კარანტინის გამოცხადება არ არის ცალკეული სამედიცინო დაწესებულების კომპეტენცია. მათ შეუძლიათ მხოლოდ გაამკაცრონ შიდა სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესები. ვფიქრობ, რომ სწორედ ამას გულისხმობდნენ როდესაც მსგავსი განცხადებები გაკეთდა", განმარტავს არჩილ მორჩილაძე.