ვინ უნდა დამემუქროს? ვგავარ ახლა იმ ადამიანს, რომ რაიმე მუქარის ეშინია, მით უმეტეს ასეთი კომკავშირული ტერმინებით რომ მესაუბრებიან? - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარტიიდან მის შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რასაც ირაკლი კობახიძე გუნდურობას უწოდებს, რომ საჯაროდ არ უნდა დაუპირისპირდე კოლეგას, მან პირველმა დაარღვია. მისივე თქმით, კობახიძესთან ერთად, როგორც ჩანს, მისი თხოვნით და დავალებით იგივე გაიმეორა ოხანაშვილმა, კილაძემ, მდინარაძემ და კუჭავამ.
ბესელიას განცხადებით, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი დგას - როგორი მართლმსაჯულება ექნება ქვეყანას ხვალ და ზეგ.
„ასეთი არასერიოზული და მდაბიო ტერმინებით რომ არ ვილაპარაკოთ, სხვა ტერმინები არ არის ქართულ ლექსიკონში? უხერხულად ჩანს „გაირიცხება“, „გამოირიცხება“. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი დგას, როგორი მართლმსაჯულება ექნება ქვეყანას ხვალ და ზეგ. ირაკლი კობახიძე რომ მოვიდა, ეს პოლიტიკური პარტია ჩემს ხელში, ჩემს თვალწინ შეიქმნა, ვისზე ვლაპარაკობთ ამ არასერიოზული ტერმინებით? ეს სასაცილოა, უხერხულია, კომიკურ სიტუაციაში აყენებს ყველას. არ შეიძლება გამოუცდელობის გამო ასეთი ტერმინებით საუბარი. ვილაპარაკოთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემაზე და არა ამ მუქარაზე. ვინ უნდა დამემუქროს? ვგავარ ახლა იმ ადამიანს, რომ რაიმე მუქარის ეშინია, მით უმეტეს ასეთი კომკავშირული ტერმინებით რომ მესაუბრებიან?“, - განაცხადა ბესელიამ.