მიხეილ მაჭავარიანი 51 წლისაა. ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ხუთგზის წევრი მიხეილ მაჭავარიანი 1968 წლის 9 იანვარს დაიბადა.
1984 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1986 წელს გაწვეულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტი. 1991-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე ლაბორანტად.
მაჭავარიანი იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული კავშირის მთავარი მდივანი, შემდეგ — თავმჯდომარე. 1995 წელს ის აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. 1996 წლის ივნისიდან 1999 წლის დეკემბრამდე იყო მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივანი.
1999 წელს კვლავ გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. თუმცა პარლამენტი დატოვა 1999 წლის დეკემბერში, როცა დანიშნეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრად. ამ თანამდებობიდან გადადგა 2001 წლის აგვისტოში. 2001–2002 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი.
2003 წლის 2 ნოემბერს მაჭავარიანი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად როგორც სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი. 2004 წლის 23 აპრილს ის გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2008 წელს მაჭავარიანი კვლავ გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობის სიით.