ამ ეტაპზე H1N1-ით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევა გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იანვრის პირველ კვირაში ავადობის მაჩვენებელი 21 ერთეულითაა შემცირებული.
"დეკემბრის ბოლო კვირას იყო 277, ახლა არის 256. ასევე შემცირებულია მძიმე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, 41% იყო ახლა კი 33%-ია, თუმცა, ესეც მაღალია. საავადმყოფოში რჩებიან ის ადამიანები, შედარებით მძიმე ავადმყოფები გრიპის სხვადასხვა გართულებებით. ქვეყანაში გაიცემა სახელმწიფოს ხარჯზე ანტივირუსული პრეპარატი "ტამიფლუ", რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველა საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრშია. ამ ცენტრების მისამართები ჩვენს ვებ-გვედზეა გამოქვეყნებული. ეს პრეპარატი უფასოდ გაიცემა შემდეგი კატეგორიის ადამიანებზე: ბავშვებზე, ორსულებზე, სოციალურად დაუცველებზე, პენსიონერებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე, დიაბეტის მქონე პაციენტებზე და ასევე, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებზე. "ტამიფლუ" უფასოდ გადაეცემათ ასევე ონკოლოგიური დაავადებების და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ პრეპარატის შეასაბამისი მარაგი ქვეყანაში არის.