პარტიული სტატუსები ჩემი ცხოვრების მიზანი არაა, ამაზე არ მიოცნებია არასოდეს, განსაკუთრებით როდესაც პოლიტიკაზე ვფიქრობდი და ეს არ მომწონდა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე აზრს შეაცვლევინებს.
ის ექსპერტ გია აბაშიძის ბრალდებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მას არ სურს, პარტიულ გაერთიანებაში მოიძებნებიან ადამიანები, ვინც ასეთი ბინძური, მიუღებელი მეთოდებით შეეცდებიან შექმნან ნეგატიური ფონი.
"ჩემი ცხოვრების მიზანია სამართლიანობა იყოს ამ ქვეყანაში, ამიტომ ერთადერთი თემა, რის გამოც მე მქონდა გარკვეული კრიტიკული და წინააღმდეგობრივი პოზიცია, ეს იყო სასამართლოს თემა. რაც შეეხება ამ ჭორებს და რაღაც მეთოდებს, მე არ მინდა დავინახო, რომ ჩვენს პარტიულ გაერთიანებაში მოიძებნებიან ადამიანები, ვინც ასეთი ბინძური, მიუღებელი მეთოდებით შეეცდებიან შექმნან ნეგატიური ფონი. მაგალითად, როგორც ეს იყო იმ შემთხვევაში, როდესაც ვინმე გია აბაშიძეს დააწერინეს სტატუსი. ეს ადამიანი გაქრა იმ სტატუსის მერე, არავინ უნახავს. მე არავის ვადებ ხელს, იმიტომ, რომ არ ვარ ის ადამიანი, ვინც ბრალდებებს უაპელაციოდ ისვრის, მაგრამ მეც მაქვს რაღაც ინფორმაცია, ეს ხელწერა მმართველი გუნდის ხელწერა არაა. ჩვენ ამას ვებრძოდით, ეს არის სააკაშვილის და მისი გუნდის მეთოდი. პირდაპირ ვამბობ, არ არსებობს ძალა, არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, ვინც ამ სიასთან დაკავშირებით აზრს შემაცვლევინებს", - განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ექსპერტმა გია აბაშიძემ ეკა ბესელიას კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. აბაშიძის ინფორმაციით, ეკა ბესელიამ დიდი ოდენობით ქრთამი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილსგან აიღო, რათა მისი ბიზნესის პრობლემები მოეგვარებინდა და სასამართლოში ლობირება მოეხდინა.