ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი უკრაინის ეკლესიის მეთაურ ეპიფანეს ავტოკეფალიის მიღებას ულოცავს.
„მის უნეტარესობას, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს ეპიფანეს;
თქვენო უნეტარესობავ, ჩემი და ჩემი ეკლესიის სახელით სულიათა და გულით გილოცავთ უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას, რომელიც დღეს ტომოსის მიღებით დაგვირგვინდა ფანარზე, წმიდა გიორგის ტაძარში. თქვენთან ერთად ვულოცავ ამ გამარჯვებას, არა მარტო უკრაინელ მართლმადიდებლებს, არამედ ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია უკრაინის აწმყო და მომავალი.
ყველასათვის აშკარაა, რომ თქვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა სრულებით ახალ რელიგიურ რეალობას ქმნის არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ ევროპაში და მის მიღმა. გვიხარია, რომ უკრაინელი ხალხის ოცნება ახდა.
როგორც თქვენ ტომოსის მიღებისასაც ახსენეთ, წინამორბედების დავიწყება არ შეიძლება. არ შეიძლება ვინმემ დაივიწყოს პატრიარქ ფილარეტის დაუღალავი და შეუპოვარი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის. მის ღვაწლს არც უკრაინელი ხალხი დაივიწყებს და არც ქრისტიანობა. როგორც მოსემ უწინამძღოლა ისრაელიანებს ორმოცი წელი, მაგრამ აღთქმულ მიწაზე თავად არ შევიდა. ასევე განზე გადგა მისი უწმინდესობა და გზა მისცა უკრაინის დამოუკიდებლობას.
მინდა თქვენ გისურვოთ მხნეობა, ჯანმრთელობა და გამძლეობა იმ მოვალეობის შესრულებაში, რომელიც თქვენ უფალმა დაგაკისრათ. იმედი მაქვს მალე გინახულებთ.
ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებთ თქვენს სტუმრობას ჩემთან ოქსფორდში. გთხოვთ ყოველთვის იქონიოთ ჩემი და ჩემი მეგობრების თანადგომის იმედი“, - ნათქვამია მისალოც წერილში.
ცნობისთვის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი 5 იანვარს მოაწერა.