76 ცხვარი უნდა გამოჩნდეს პარლამენტში, ვინც ამ მოსამართლეებს ხმას მისცემს. ვფიქრობ, არამარტო საკუთარ პოლიტიკურ კარიერას, არამედ მათ საგვარეულო ხაზზეც კი აისახება ეს, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ის იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გარიცხვასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არამარტო დაპირებების შესრულება გადადო გვერდზე, არამედ ძალიან ცუდ გზას დაადგა, რომელსაც ადამიანების ღირსების შელახვა ჰქვია.
„გუშინდელი გადაწყვეტილება იყო დიდი შეცდომა იმიტომ, რომ შენ როდესაც ერთ-ერთ თანაგუნდელის გამოწვევის საკითხს კენჭისყრაზე აყენებ, პრინციპში, ამ ადამიანებს უკვე აპირისპირებ და ერთმანეთისადმი უნდობლობას იწვევ. საკუთარი კოლეგის მიმართ ასეთი საქციელი, როცა ერთი ჯგუფის ინტერესებს ემსახურები და მეორე ჯგუფისას ფეხქვეშ თელავ, ამას სხვა რაღაც ჰქვია. ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ არამარტო დაპირებების შესრულება გადადო გვერდზე, არამედ ძალიან ცუდ გზას დაადგა, რომელსაც ადამიანების ღირსების შელახვა ჰქვია. ღირსებაშელახული დეპუტატები საკმაოდ მძიმე საყურებელი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.