9-13 სექტემბერს, ტოკიო ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლეს. საქართველოს ნაკრები იაპონიაში 2 სექტემბერს გაემგზავრა და დასკვნით ერთკვირიან შეკრებას უშუალოდ შეჯიბრის მასპინძელ ქალაქში გადის.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა თან 15-კაციანი შემადგენლობა წაიყვანა. ხუთდღიანი ჩემპიონატის პირველ დღეს - 9 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან და საქართველოს სახელით ირაკლი ცირეკიძე, ლევან ჟორჟოლიანი (ორივე 100 კგ), ლაშა გუჯეჯიანი და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ.
10-ში მედლები 81 და 90 კილოგრამებში გათამაშდება და ლევან წიკლაური, გიორგი შინჯიკაშვილი (ორივე 81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და მინდია ბოდაველი (90 კგ) იასპარეზებენ.
11 სექტემბერს ჩემპიონატში ზაზა კედელაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) ჩაერთვებიან, ხოლო დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (60 კგ), მინდია ხომიზური და შალვა ქარდავა (66 კგ) ტატამზე 12-ში გავლენ. ჩემპიონატის დასკვნითი დღე აბსოლუტურ წონით კატეგორიას დაეთმობა და წინასწარი ინფორმაციით, აქაც 2 ქართველი იბრძოლებს. ალექსანდრე მსხალაძეს 100 და +100 კილოგრამის ინდივიდუალურ პირველობაზე ნაჭიდავები ოთხეულიდან ერთ-ერთი შეუწყვილდება.
როგორც ცნობილია, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამიერიდან მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე ქვეყნებს 2-2 შემადგენლობის გამოყვანა შეუძლიათ და საქართველო ამ ქვოტას მაქსიმალურად იყენებს.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ჩემპიონატის კენჭისყრისას მხოლოდ სპორტსმენთა რეიტინგებს გაითვალისწინებენ და სატურნირო ბადეებს 16 საუკეთესო რეიტინგიანის გადანაწილების შემდეგღა შეავსებენ. აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, ქართველები საწყის ეტაპზევე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
60 კგ - დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი; 66 კგ - მინდია ხომიზური, შალვა ქარდავა; 73 კგ - ზაზა კედელაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი; 81 კგ - ლევან წიკლაური, გიორგი შინჯიკაშვილი; 90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, მინდია ბოდაველი; 100 კგ - ირაკლი ცირეკიძე, ლევან ჟორჟოლიანი; + 100 კგ - ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი;
აბს: ალექსანდრე მსახალაძე.;