საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედ თავმჯდომარე ეკა ბესელიას თავმჯდომარის პირველი მოადგილის რეგლამენტის დარღვევით არჩევაში ადანაშაულებს.
მათიკაშვილის თქმით, სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო შეყვანილი, ხოლო სხდომაზე ბესელიამ კიდევ ორი კანდიდატურა დაამატა, რაც მისივე თქმით, რეგლამენტის დარღვევაა.
„მე ვფიქრობ, რომ ეს არის რეგლამენტის დარღვევა, რადგან სამი დღით ადრე მაინც უნდა ყოფილიყო კანდიდატურები დაყენებული. კომიტეტის დღის წესრიგში წერია, რომ მხოლოდ ერთი, გედევან ფოფხაძის კანდიდატურისთვის უნდა გვეყარა კენჭი, ხოლო კიდევ ორი კანდიდატურის დამატებით რეგლამენტი დაირღვა. კომიტეტის წინა სხდომა სწორედ ამ მოტივით გადაიდო“, - განაცხადა მათიკაშვილმა, რის შემდეგაც ბესელიამ განმარტა, რომ რეგლამენტის 31-ე მუხლით ასეთი აკრძალვა არ არის და შესაძლებელია ორზე მეტი კანდიდატის დაყენება.
ცნობისთვის, იურიდიულ კომიტეტს ახალი თავმჯდომარის არჩევამდ გედევან ფოფხაძე უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.