ჩემი თანამდებობიდან წასვლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას უკავშირდება და სხვას არაფერს, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელმაც უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურის გამო, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი გუშინ დატოვა.
მისი მტკიცებით, არავითარი სხვა მიზეზი არ არსებობს იმის გარდა, რაზეც ისაუბრა.
„ეს მიზეზი ჩემზე უკეთ არავინ იცის. გადაწყეტილება იმ პროცესს უკავშირდება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადო გამწესებასთან დაკავშირებით დაიწყო. ვგულისხმობ როგორც პროცესს, ასევე სიასთან დაკავშირებით მქონდა და მაქვს პრინციპული პოზიცია.
ჩემი გადაწყვეტილება ამ საკითხებს უკავშირდება და სხვას არაფერს. ირაკლი კობახიძე რაზე საუბრობს, არ ვიცი, ჩემთვის მთავარია, ეს პროცესი ისე წარიმართოს, რომ გარანტირებული იყოს კრიტერიუმებითა და კანონში შესაბამისი ცვლილებით ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სამართლიანობის განცდას შეუქმნის “, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.