პარლამენტის თბილისში გადატანა ქუთაისისთვის დანაკლისი არ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ქუთაისი საგანმანათლებლო ცენტრი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის.
„რაც ჩვენ გვაწუხებდა, ამ შენობის ფუნქცია აბსოლუტურად გაურკვეველი იყო და ახლა გარკვეულია, ამ საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის კონტურები ჯერჯერობით ძალიან ფერმკრთალი იყო, ახლა ერთი საკითხიც და მეორეც გადაწყვეტილია. ვფიქრობ, ქუთაისი ახალ სიცოცხლესაც შეიძენს და განვითარების ინტენსივობა იქნება თვალსაჩინო. საგანმანათლებლო ცენტრი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. ტექნოლოგიური ცენტრი თანამედროვე, 21-ე საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ სატრანსპორტო ცენტრიც არის, რომელიც ასევე მნიშვნელოვანწილად გაფართოვდება. ასე, რომ პერსპექტივაში ქუთაისს ვხედავ, როგორც გაცილებით ძლიერად ფეხზე მდგომ ქალაქს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.