დღეს, 9 სექტემბერს, ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) მეცხრამეტე ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნება.
10:00 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ცენტრალური საარჩევნო კომისია და ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) წარმომადგენლები მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ თემაზე: „ევროპის საარჩევნო პოხელეთა ასოციაციის მეცხრამეტე კონფერენცია საქართველოში".
10:30 საათზე კი კონფერენცია დაიწყება, რომელსაც ოფიციალურად გახსნის პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის თავმჯდომარე ზოლტან ტოტი.
თბილისში 9-11 სექტემბერს დაგეგმილი ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) მეცხრამეტე ყოველწლიური კონფერენციას 39 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების დაახლოებით 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება. კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მნიშვნელოვან სტუმართა შორის ასევე არიან საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი უილიამ სვინი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უილიამ ჰიბლი.
კონფერენციას დაესწრებიან ლიტვის, რუსეთის, ბულგარეთის, ბელორუსის, მაკედონიის და ბოსნია-ჰერცოგოვინის ცენტრალური კომისიების წარმომადგენლები. კონფერენციას გახსნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.
კონფერენციის მასპინძლები არიან ცენტრალური საარჩევნო კომისია და ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია (ACEEEO). ღონისძიების მხარდამჭერები არიან საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს, ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო ასოციაციის პრეზიდენტ ქვეყანად გამოცხადდა.