დღეს, 9 სექტემბერს, ბათუმი თევზის ფესტივალს უმასპინძლებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ დავით იოსელიანმა განაცხადა, ფესტივალში მონაწილეობას საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიიღებენ.
ფესტივალი ორი ნაწილისგან შედგება. პირველია - შავი ზღვის აკვატორიაში სათევზაო ტურის მოწყობა. ტურში მონაწილეობის მსურველებს თევზის დაჭერა მხოლოდ ანკერებით შეეძლებათ.
ფესტივალის მეორე ნაწილი კი დღის მეორე ნახევარში ბათუმის ახალ ბულვარში გაგრძელდება, სადაც რეგიონის მასშტაბით მოქმედი 100-მდე რესტორანი თევზის პროდუქტებისგან ქართულ და ლაზურ კერძებს მოამზადებს და მსურველებს დაბალ ფასად შესთავაზებს.
"ასეთი ფესტივალების მოწყობა მნიშვნელოვანია რეგიონში დამატებითი ტურისტების მოსაზიდად. ფესტივალის მთავარი მიზანია ტურისტებისთვის ახალი პროდუქტის შეთავაზება, როგორიცაა შავ ზღვაში სათევზაო ტური. იმავდროულად ტურისტებს საკმაოდ გემრიელ ქართულ და ლაზურ კერძებს შევთავაზებთ", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ დავით იოსელიანმა.