პრეზიდენტის ინიციატივას მხარს ვუჭერ და შესაძლებელია, სამართლებრივი გზით ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გავზარდოთ, რითაც შესაძლებელი იქნება, რომ გამოძიება არ შეწყდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბესელიას განმარტებით, ეს სამართლებრივი გზა არსებობს „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებით.
„ვისურვებ, რომ ზვიად გამსახურდიას შვილები ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ. გუშინ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ცოტნეს ვესაუბრე. პრეზიდენტის მომართვას ვეხმაურები. ვფიქრობ, მისი მხრიდან სწორი აქცენტი იყო, რომ საკანონმდებლო კუთხით თუ შესაძლებლობა არსებობს, პარლამენტმა გამოიყენოს. მის ინიციატივას მხარს ვუჭერ და შესაძლებელია, სამართლებრივი გზით ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გავზარდოთ, რითაც შესაძლებელი იქნება, რომ გამოძიება არ შეწყდეს.
ეს სამართლებრივი გზა არსებობს „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებით. მზად ვარ, ამაზე მუშაობა დავიწყო და შემდეგი კვირისთვის ინიცირება შესაძლებელი იქნება. დაჩქარებული წესით იქნებ განვიხილო, კოლეგებს დაველაპარაკები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს, გაითვალისწინოს თხოვნა, რომ გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს.