ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების შესვლაზე უარის თქმის ტენდენცია მზარდია, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მეორე ანგარიშში, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ მოთხოვნების შესრულებას ეხება. ევროკომისიამ ანგარიში ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოსთვის მოამზადა, რომელსაც დღეს წარუდგენს.
„არალეგალური მიგრაციის გამოწვევებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ შესვლაზე უარის თქმის 2017 წლის მაჩვენებლები 2016 - თან შედარებით 200% -ით გაიზარდა (810-დან 2,655-მდე), ხოლო უკანონოდ დარჩენის მაჩვენებლების ზრდა უმნიშვნელო იყო - 2016 (5,240), 2017 (5,860). ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის პირველ ნახევარსა და 2018 წლის პირველ ნახევარში ტენდენციები მიუთითებს შესვლაზე უარის მნიშვნელოვნად ზრდასა და უკანონო დარჩენის მნიშვნელოვნად ზრდას“, - წერია ანგარიშში.
ევროკიმისიის მეორე ანგარიში მომზადდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში. კომისიას აქვს ვალდებულება მონიტორინგი გაუწიოს მესამე ქვეყნების მიერ ვიზების ლიბერალიზაციით გათვალისწინებული მოთხოვნების უწყვეტ შესრულებას. შესრულების შედეგების შესახებ ანგარიში უნდა წარუდგინოს ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. შეფასების პერიოდი 2017 წლის დეკემბერში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში პირველი ანგარიშის მიღებიდან იწყება.
ანგარიშის სტატისტიკური ნაწილი ევროკავშირის 26 წევრ სახელმწიფოს ფარავს, რომელზეც (ევროკავშირის) 2018/1806 რეგულაცია ვრცელდება და შენგენის ოთხ ასოცირებულ ქვეყნას (შემდგომში "შენგენ+ ზონა"). კონკრეტული სფეროების შეფასება ძირითადად ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც ევროსტატს მიაწოდა შენგენ+ ზონის ქვეყნებმა, ევროკავშირის უწყებებმა (ევროპის პოლიციის სამსახურმა, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში ფართომასშტაბიანი კომპიუტერული სისტემების ოპერატიული მართვის ევროპულმა სააგენტომ (eu-LISA), ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისმა (EASO), ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტომ (EBCGA) და ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტომ); ასევე მოხდა ინფორმაციის გაცვლა ევროკომისიას, ევროკავშირის საგარეო სამსახურსა და უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნებს შორის.