პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო.
სხდომაზე ერთმანეთს კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ოპოზიციის წევრები დავით კირკიტაძის დაკავების საკითხზე საუბრობდნენ. მათ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მოუწოდა, რომ საკითხი დაეყენებინათ რეგლამენტის ჭრილში, რადგან იმ ტიპის განცხადებები არ ჯდება კომიტეტის მუშაობის პროცედურაში.
ბესელიას ამ განცხადებას ოპოზიციის წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, რის გამოც ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილსა და ოთარ კახიძეს მიმართა, რომ ან დაწყნარებულიყვნენ ან სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ.
„თქვენ უნდა იმეცადინოთ რეგლამენტში, ქალბატონო სალომე, ცოტა წაიკითხეთ რეგლამენტის წესები, ხანდახან ჩახედეთ“, - მიმართა ბესელიამ სამადაშვილს.