[ევროკავშირში] გაფართოების საკითხის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის სიგნალია, რომ უნდა გავაგრძელოთ ამ კუთხით მუშაობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი გამოწვევების წინაშე დგას და ის, რაც შიგნით ხდება, თავისთავად საქართველოსაც ეხება. საბანაძის თქმით, საინტერესოა, რომ წელს ევროკავშირის დღის წესრიგში გაფართოების თემატიკა დაბრუნდა.
„ეს ეხება ბალკანეთს, მაგრამ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. თემა რამდენიმე წელი გაყინული იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რადგან გვაძლევს იმედს, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა გაგრძელდება. ჯერი არის ბალკანეთზე. გაფართოება არ არის მარტივი პროცესი, რადგან ბალკანეთის ქვეყნებშიც ზოგი წინ არის, ზოგი უკან და თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც გაყოფილები არიან მხარდაჭერაზე. ბალკანეთის მიმართ დაანონსებულია თარიღი, 2025 წელი. ამ თარიღისთვის ბალკანეთის ქვეყნები თუ მზად იქნებიან, ევროკავშირიც მზად იქნება მისაღებად. ჩვენ ჯერ ეს თემა არ გვეხება, მაგრამ გაფართოების საკითხის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის სიგნალია, რომ უნდა გავაგრძელოთ ამ კუთხით მუშაობა. რაღაც მომენტში ალბათ ჩვენთან მიმართებაშიც დადგება თარიღის საკითხიც, თუმცა ჯერ ეს მომწიფებული არ არის",- განაცხადა საბანაძემ.