დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების თაობაზე ბრიფინგი გამართა. კოკა სეფერთელაძის განაცხადებით, იწყება სტუდენტების რეგისტრაცია, რომელთაც გაიარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ეკუთვნით სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა.
სეფერთელაძის თქმით, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სასწავლო გრანტი გაიცემა 2010-2011 სასწავლო წელს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ, გარკვეული კატეგორიის სტუდენტებზე, მისი განცხადებით, სულ დაახლოებით 800-მდე სტუდენტი დაფინანსდება.
"ჩვენ სწავლას დავუფინანსებთ ადამიანებს, რომლებიც არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები, ომში დაგუპულთა შვილები, ინვალიდები, მრავალშვილიანი ოჯახის შვილები, სტუდენტები შეჭირვებული ოჯახებიდან, ასევე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები",- განაცხადა კოკა სეფერთელაძემ და დასძინა, რომ ამ კატეგორიის სტუდენტების მიერ მოპოვებული გრანტები 100%-ით შეივსება. ხოლო გარკვეული კატეგორიის სტუდენტებზე, რომელნიც საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ სპეციალობებზე აბარებდნენ და გრანტი ვერ მოიპოვეს, გრანტი პრეზიდენტის ინიციატივით გაიცემა.
ცნობისათვის, 2010-2011 სასწავლო წელს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებისათვის სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 1 073 000 ლარი.