საქართველოში აღვირახსნილი, კორუმპირებული ჩინოვნიკების თარეში უნდა დასრულდეს, რომელსაც სრულიად უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც გაერთიანების სხვა ლიდერებთან ერთად ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას ოჯახს მიუსამძიმრა.
გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას ია კერზაიას საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.
„ოჯახმა გადაწყვიტა, საშუალება მისცეს ხელისუფლებას გამოძიება ჩაატაროს და თვითონ დაასახელოს დამნაშავეები, რომლებიც ამ ქალბატონის სიკვდილში არიან დამნაშავე. ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში აღვირახსნილი, კორუმპირებული ჩინოვნიკების თარეში უნდა დასრულდეს, რომელსაც სრულიად უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება იმიტომ, რომ მათ ბოლომდე სურთ შეინარჩუნონ თავისი სკამები და არავითარ ფასის გადახდას არ ერიდებიან ამისთვის“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ცნობისთვის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და მკურნალობას გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში გენერალური ინსპექცია შევიდა.
სკოლის დირექტორი ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექციის შესვლა არჩევნებს უკავშირდებოდა.
კერზაია აბობდა, რომ რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა. შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი.