იმედი მაქვს, ჩვენი დღევანდელი საუბარი გულახდილი იქნება, ისეთი როგორიც მეგობრებს შეეფერებათ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრამდე განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობისას ჯეიმს აპატურაისთან მას შესანიშნავი სამუშაო ურთიერთობა ჰქონდა.
მისივე განცხადებით, ის რამდენიმე საკითხზე აპირებს აპატურაისთან საუბარს, მათ შორის არჩევნებსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე.
„პირველი საკითხი, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები და ის უმსგავსობაა, რაც პირველ ტურში და შემდეგ გაცილებით უფრო ამაზრზენ მასშტაბებში მოხვდა მეორე ტურში, რამაც ეს არჩევნები ფაქტობრივად, არალეგიტიმური გახადა. მეორე საკითხი, რომელზეც მინდა, რომ საუბრის დროს ყურადღება გამახვილდეს, ეს საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობაა და მაინტერესებს, ბრიუსელი როგორ აფასებს იმას, რა ნაბიჯებით, რა ტემპებით და რა წარმატებით მივისწრაფით ატლანტიკურ ალიანსში, რაც ყველა ხელისუფლების მიმართ ქართველი ხალხის დაკვეთაა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ცნობისთვის, ჯეიმს აპატურაი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.