გაერთიანებული ოპოზიციის აქცია სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა სახით ჩატარდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა სისხლიანი არჩევნები ჩაატარა, ერთი ადამიანი შემოაკვდათ, ოთხი ადამიანი სასიკვდილოდ სცემეს და ერთი ადამიანი სიკვდილს ახლაც ებრძვის.
„იმ ასობით შეურაცხყოფილ და რეპრესიების ქვეშ მოყოლილ ადამიანებზე აღარ ვსაუბრობ. ამ ყველაფერის შემდეგ პროტესტი არ გამოვთქვათ და აქცია არ ჩავუტაროთ იმ ადამიანებს, მაფიოზებსა და კრიმინალებს, რომლებმაც საპრეზიდენტო სავარძელი მიიტაცეს? აქცია სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა სახით ჩატარდება”, – განაცხადა ნიკა მელიამ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში კანონის დარღვევის გამო არავინ ისჯება, ძალადობის გამო არავინ ისჯებოდა, ეს მოცემულობა გვაქვს და ამ ყველაფერს ებრძვის ოპოზიცია. მისივე თქმით, საზოგადოება მალე ნახავს, არჩევნები როგორ გაყალბდა.
ნიკა მელია აქვე აღნიშნავს, რომ 16 დეკემბერს თელავში საპროტესტო აქცია აუცილებლად გაიმართება.