თელავის გალავანს ბევრი რამ ახსოვს, ყიზილბაშებიდან, ლეკებიდან დაწყებული და „ნაციონალების“ აქციასაც გადაიტანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ გაერთიანებული ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გაიგო ან არ სურს, გაიგოს, რომ არჩევნები დასრულდა და წააგეს.
„თელავის გალავანს ბევრი რამ ახსოვს ყიზილბაშებიდან, ლეკებიდან დაწყებული და „ნაციონალების“ აქციასაც გადაიტანს. თუ კონსტიტუციური ჩარჩოდან გავლენ, ადგილები მზად არის, მაგრამ სააკაშვილის მოწოდებებს არ იზიარებენ. თუ კონსტიტუციიდან გავლენ, ნებისმიერი ადამიანი პასუხს მიიღებს. აქციები ტრამპის ინაუგურაციასაც ახლდა”, – განაცხადა ქანთარიამ.
ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში აქციას გამართავს.