"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ მოსარჩელე თამაზ სოზაშვილს, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მის ოფიციალურ Facebook გვერდზე დაწესებული შეზღუდვა („ბლოკი“) მოუხსნა.
GDI-მ თამაზ სოზაშვილის სახელით, სოფიო კილაძის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. მათი ცნობით, საქმე ეხება სოფიო კილაძის მიერ, საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე, თამაზ სოზაშვილისათვის გამოხატვის თავისუფლებით დაცული კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვას.
GDI-ს მიაჩნია, რომ აღნიშნული საქმე პრეცედენტული მნიშვნელობისაა, რადგან საჯარო უწყებებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ხშირია გამოხატვის თავისუფლების მსგავსი შეზღუდვის შემთხვევები. GDI აღნიშნული სარჩელით ითხოვს სოფიო კილაძისგან მოსარჩელისათვის ოფიციალურ Facebook გვერდზე “ბლოკის” მოხსნას.
"სოფიო კილაძის ქმედებას წინ უსწრებდა მისი განცხადება, რომლის მიხედვითაც კომიტეტი 17 მაისის, როგორც, ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის, აღნიშვნას არ აპირებდა. სოფიო კილაძის ამ განცხადებას თამაზ სოზაშვილის მხრიდან 2018 წლის პირველ მაისს გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მწვავე კრიტიკა მოჰყვა. აღნიშნული მოვლენების შემდეგ, თამაზ სოზაშვილი, სოფიო კილაძის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ „პოსტებზე“ აქტიურად გამოხატავდა კრიტიკულ პოზიციას. მისი კრიტიკა ძირითადად “პოსტებზე“ “ჰაჰა” რეაქციასა და "სოფო წადი" შინაარსის შემცველი კომენტარებში გამოიხატებოდა. სწორედ აღნიშნული კრიტიკა გახდა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე თამაზ სოზაშვილის “დაბლოკვის” მიზეზი.
მსოფლიოს მასშტაბით, პოლიტიკოსები და სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ სოციალური ქსელებს, როგორც საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებას. ამიტომ, GDI-ს მიაჩნია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოფიციალური Facebook გვერდი არის დაინტერესებულ პირთა განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკისათვის გახსნილი ღია სივრცე, სადაც ინდივიდებს ეძლევათ შესაძლებლობა პირდაპირ და უშუალოდ იქონიონ კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება ზოგადად მიმდინარე მოვლენებთან და კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობასთან დაკავშირებით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო GDI-ს სარჩელი, საქმის პირველი, მოსამზადებელი სხდომა, 2019 წლის 10 იანვარს არის ჩანიშნული. მოსარჩელე, სოფიო კილაძისგან ითხოვს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შეზღუდვის მოხსნას. თამაზ სოზაშვილის ინტერესებს საქართველოს საერთო სასამართლოებში GDI წარმოადგენს", - აღნიშნავენ "საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში".