აშშ-ს, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს ვინმემ დაუბლოკოს ელჩი, წარმოუდგენელი მგონია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნის საკითხზე Foreign Policy-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციათან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს კითხვა თვითონ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მძლავრი ინსტიტუტია, ძალიან სერიოზულ შეურაცხყოფას აყენებს. მისივე თქმით, მსგავსი რამ მიუღებელია.
„აშშ-ს ელჩს ვერ დაუბლოკავს ვერავინ ვერსად და ვფიქრობ, ეს ყველამ კარგად იცის და თვითონ აშშ-ში იციან ძალიან კარგად. შეუძლებელია, ასეთი რამ მოხდეს. აშშ-ს გამოგზავნილი ჰყავს თავისი წარმომადგენელი საქართველოში. ზოგადად, ელჩები საქართველოს გარდა, ძალიან ბევრს ქვეყანაში არ ჰყავს დანიშნული და ეს თავიანთი საქმეა, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ აშშ-ს, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს ვინმემ დაუბლოკოს ელჩი, წარმოუდგენელი მგონია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკული გამოცემა Foreign Policy წერს, რომ საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩად ამერიკელი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინქსის კანდიდატურა დაბლოკა, რადგან მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილია.