ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი არ აპირებს ბრექსიტის შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებას და ისინი უკვე ემზადებიან, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან ბრექსიტის შეთანხმების გარეშე გასვლას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ბრიტანეთის პარლამენტში დაგეგმილი კენჭისყრა, სადაც პარლამენტარებს ბრექსიტის შეთანხმების ტექსტზე უნდა ემსჯელათ და მისი ბედი გადაეწყვიტათ, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, გაურკვეველი ვადით გადადო.
სააგენტო ბლუმბერგის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კენჭისყრის გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის გააფრთხილეს, რომ იმყოფებოდა „გამანადგურებელი დამარცხების“ გზაზე. ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ დიდი ალბათობით ბრიტანეთის პარლამენტი შეთანხმების ტექსტს მხარს დაუჭერდა. თავის მხრივ, ტერეზა მეი მედიასთან გამოსვლებში დაჟინებით ამტკიცებდა, რომ პარლამენტის მხრიდან ბრექსიტის შეთანხმების უარყოფა, ქვეყანას ჩიხში შეიყვანდა.
როგორც ჩანს, ტერეზა მეიმ კენჭისყრა იმ მიზნით გადადო, რომ იმედი ჰქონდა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს განაახლებდა სადაო პუნქტებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვარს ეხება.
იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს, არსებობს კიდევ სხვა ვარიანტი, რომლის მიხედვით დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს (no-deal), რაც ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ქვეყნისთვის ეკონომიკური კატასტროფა იქნება. დოკუმენტს, რომელსაც ტერეზა მეი საუკეთესო გარიგებას უწოდებს, აკრიტიკებენ, როგორც ოპოზიციონერები, ისე კონსერვატორები.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.