ვსვამთ კითხვას, რა საფუძველი აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას? - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, "ხომ არ შეიძლება ეს მხოლოდ იმიტომ დადგეს დღის წესრიგში, რომ ასე სურთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არ არიან წარმოდგენილი პარლამენტში".
"საითაც არის ეს მოთხოვნა მიმართული, ეს გასაგებია, მაგრამ რა სამართლებრივი საფუძველი აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, არსად არ ჩანს. რაიმე კითხვის ნიშანია პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით? კონსტიტუციური საფუძველი შეიქმნა? მე ამ კითხვებს ვსვამ და პასუხები ვერ მოვისმინე ვერც ერთი იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომელიც ამ მოთხოვნას ან აყენებს, ან უერთდება. ჩემი პასუხი ამაზე იქნება ერთი, ვიდრე შევალთ ამ დისკუსიაში, მოთხოვნებთან ერთად მიუთითონ კონსტიტუციური საფუძვლები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ითხოვს.