თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, უცნაური არათანმიმდევრულობაა მათ პოზიციებში, მათგან სხვა რაღაცებს ვისმენდით, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ჩუგოშვილის თქმით, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია მთელი მსოფლიოს მიერ არის დადასტურებული.
„თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, უცნაური არათანმიმდევრულობაა მათ პოზიციებში. მათგან სხვა რაღაცებს ვისმენდით, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობაზე არანაირი სერიოზული კითხვები არ შეიძლება არსებობდეს, ეს მთელი მსოფლიოს მიერ დადასტურებულია”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ლომიამ დღეს განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის მეფის შთამომავალი და გაუგებარია, რატომ უნდა გაიმართოს ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლეში. მისივე თქმით, ზურაბიშვილს საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია, ეს იყო იძულებითი ლეგიტიმაცია.